დღეს, 2 თებერვალს "ქართული ოცნების'' ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. პარტიის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ. ამ თემაზე გუშინ პარტიის პოლიტსაბჭომაც იმსჯელა.
გუშინდელი სხდომის შემდეგ, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ის უმრავლესობასთან უნდა შეეჯერებინათ. სწორედ დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი რას გადაწყვეტს საბოლოოდ მმართველი გუნდი.
"ორად არის გაყოფილი უმრავლესობაში აზრი, ნაწილი ემხრობა შეწყვეტას, ნაწილი გაგრძელების მომხრეა, ზოგადად მგონია რომ, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, განსაკუთრებით იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში. ამის მომხრე ვართ, იმიტომ, რომ პარლამენტი, ჯერ ერთი ისედაც იცით უკვე, მრავალფეროვანი გახდა, დღეს კიდევ დამატებით გახდება მრავალფეროვანი", - თქვა "ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
ზარქუას თქმით, უფრო საინტერესოა პატარა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში და არა "რადიკალური ოპოზიცია", რომელიც იციან რასაც წარმოადგენს.
აქვე გეტყვით, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე დღეს, 2 თებერვალს უნდა უყაროს. მანდატის გასაუქმებლად არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა საჭირო.