
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სასამართლოში სიარული ნებისმიერი, ხელისუფლებასთან ოპონირებაში მყოფი აქტიური მოქალაქისთვის თანმდევი პროცესია.
"სასამართლო პროცესებზე სიარული თანმდევი პროცესია ნებისმიერი, საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქისთვის, ვინც წინააღმდეგობაში მოდის არსებულ ხელისუფლებასთან და მე მგონია, რომ ნიკა გვარამია არ არის ამით დიდად გაკვირვებული, ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ყველაზე ძვირფასი რაც არის ადამიანის ცხოვრებაში - დრო, იკარგება იქ, სადაც არ უნდა იკარგებოდეს", - ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზე განახლდება.
აქვე გეტყვით, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.
თავდაპირველად, პროცესი 2020 წლის 1 დეკემბერს ჩაინიშნა, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ, კოვიდპანდემიის კონტექსტში, პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადადო, 2 თებერვალს კი ხელახლა ჩანიშნა.