
"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველოში ითვლება, რომ თუ ოპოზიციონერი ხარ ხელისუფლება უნდა გძულდეს და პირიქითაც. მისი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით ცოდვილია და ხშირად ზედმეტად დაუნდობელიცაა.
"ჩვენთან ითვლება, რომ თუ ოპოზიციაში ხარ უნდა გძულდეს ხელისუფლება და თუ ხელისუფლებაში ხარ, უნდა გძულდეს და განადგურება უნდა გინდოდეს ოპოზიციის, მაგრამ, ჩემი აზრით, ამით იმდენად ვართ 30 წელია გართულები... ცოდვა გამხელილი სჯობს და მე განსაკუთრებით ვარ ცოდვილი ამ მიმართულებით, ხშირად დაუნდობელი ზედმეტადაც... რომ გვავიწყდება მთავარი, რომ პოლიტიკური პროცესი მთავარს უნდა ემსახურებოდეს, ხალხის პრობლემების მოგვარებას. ეს ამ დარბაზში მაკლდა ყოველთვის, ბავშვობიდან მოყოლებული", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ეს განცხადება ელისაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ის დეპუტატის რანგში პირველადაა წარმოდგენილი.
ელისაშვილმა გაიმეორა მობილურის ნომერი და თქვა, რომ მას მომავალი 4 წელი უკვე როგორც დეპუტატი ისე უპასუხებს.