
ამ წუთებში ხმაურია აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და აქტივისტები უკვე 3 თვეზე მეტია უწყვეტ აქციას მართავენ.
მათ დღეს ახალი მოთხოვნა გააჟღერეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძეს დისკომფორტია შეუქმნან და ვერ მოახერხებს თავისუფლად შესვლას- გამოსვლას მთავრობის სახლში.
დღეს, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა ოპოზიციის ერთერთ წარმომადგენელთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, ელგუჯა ბაგრატიონთან.
ელგუჯა ბაგრატიონი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ მას რიჟვაძე ცინიკურად ესაუბრა.
"უკანა შესასვლელებიდან სამ თვეზე მეტია იპარება, მშიშარა კურდღელივით, დღესა რ მიეცა ამის საშუალება და შევედი შეხვედრაზე, რომ მეთქვა ამ ადამიანისთვის, რომ ამ ადამიანების მოთხოვნა ისევ ძალაშია. მისი პასუხი იყო - თქვენ თუ ასე ფიქრობთ, რომ ამ 20 კაცით აპირებთ და იმ ხულიგნებით, რომელიც შემოკრებილი გყავთ, რომ მე გადავდგები, ან ხელისუფლება შეიცვლება ცდებითო, აქ 5 წელიც, რომ იდგეთო ჩემი აქ ყოფნა და დანახვა თქვენ მოგიწევთ მაინც, და ეს ცინიკური დამოკიდებულება", - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები აჭარაში გაგრძელდება მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ მიიღწევა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე