
გენერალი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ არ აპირებს დეკლარაციის შევსებას, რომლის შევსების ვალდებულების შესახებ შეტყობინება პარლამენტის აპარატიდან მიიღო.
"რომ შევავსო, გამოდის, რომ გამოვედი ბოიკოტის რეჟიმიდან და ავყევი მათ თამაშს... პარლამენტში ახლა რაც ხდება, ამას მე "სახლობანას" თამაშს დავარქმევდი, ზოგმა ოპოზიციის სახელი დაირქვა, ზოგმა პოზიციის... რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნება მათი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, მათი საარჩევნო კოდექსი - ამაზე არც ღირს მაყურებლის ყურადღების გამახვილება", - ამბობს თემურ ჯანაშია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი".
თემურ ჯანაშიამ პარლამენტიდან მიიღო შეტყობინება, რომელიც მას, როგორც პარლამენტის დეპუტატს, დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. აქვე გეტყვით, რომ დადგენილ ვადაში დეკლარაციის შეუვსებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
"მე პარლამენტში შესვლა იმისთვის არ მჭირდებოდა, რომ იმუნიტეტი მიმეღო, არამედ იმისთვის, რომ იქამდე ჩვენი ამომრჩევლ;ის წუხილი მიმეტანა და ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შემეწყო... ჩემს წინააღმდეგ დაწყებული "პიჯაკების საქმე" ერთადერთი არ არის, რამდენიმე საქმე კიდევ იყო წამოწყებული, რომელიც ვერ მივიდა სასამართლომდე. ამის მიუხედავად, მე უარი ვთქვი მანდატზე და იმუნიტეტზე, რადგან არჩევნები გაყალბდა", - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, 4 თებერვალს, პარლამენტიდან დეკლარაციის შევსების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ თემურ ჯანაშიამ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა:
ეს წერილი არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე და სისხლის სამართლებრივი მუქარა
აქვე გეტყვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, გენერალ თემურ ჯანაშიას ბრალი საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვისთვის აქვთ წარდგენილი.
ცნობისთვის, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ჩამონათვალი გამოაქვეყნა , მათ შორისაა ე.წ. "პიჯაკების საქმეც".