ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. საუბარი საქართველოსაც, კერძოდ კი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიასაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ პრესრელიზში საერთოდ არ ახსენებს ლავროვისა და ბლინკენის საუბრის ამ ეპიზოდს. ლავროვის უწყებამ საქართველო ტექსტიდან საერთოდ ამოიღო.
რუსულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თემებიდან, მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობა მშვიდობის დასამყარებლად სირიასა და ლიბიაში, ასევე, სიტუაცია უკრაინაში.
ფაქტს უკვე მოჰყვა შეფასება საქართველოში.
"ამერიკას ჰყავს ახალი ადმინისტრაცია, ახალი ადმინისტრაციის პირობებში კარგი იქნებოდა, სასურველი იქნებოდა და მეტიც, საჭირო იყო, რომ ჩვენ გვყოლოდა ასევე ახალი ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა ლეგიტიმური, წარმოადგენდა ხალხის ინტერესს და იმუშავებდა ამერიკასთან ერთად ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე", - თქვა ენმ-ს წევრმა, ნიკა ობოლაძემ.
მისი შეფასებით, კარგია რომ ეს კომუნიკაცია შედგა, მაგრამ ამ საკითხის შესახებ ინიციატორი საქართველო და ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშნვილის განცხადებით, რუსეთი მუდმივად ამახინჯებს ინფორმაციას და ცვლის კონტექსტს, თუმცა სასიამოვნოა, რომ საქართველო აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების რუკაზე "დაბრუნდა".