"ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე, მაია ბუწაშვილი, Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე თითქმის არ იძებნება რეგულაციები სასწავლო დაწესებულებების გახნასთან დაკავშირებით.
"შევედი განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე იმის სანახავად, რა რეგულაციებს გვთავაზობენ სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით.
იმის მაგივრად, რომ სიახლეები იწყებოდეს ამ ტიპის დოკუმენტით (არა მგონია იმაზე მნიშვნელოვანი რამე ხდებოდეს ამჟამად განათლების სისტემაში, ვიდრე სკოლების გახსნაა), პირველ სიახლედ გვხვდება: „მიხეილ ჩხენკელმა ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გახსნა“...
რაც შეეხება რაიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რეგულაციები და რომელიც დაგვარწმუნებს, რომ განათლების სისტემა მართლაც მზად არის, ვერსად ვიპოვე. ბოდიშს ვიხდი, თუ ასეთი დოკუმენტი სადმე არსებობს, მაგრამ ჩემი დაუღალავი ძიებით თუ ვერ ვიპოვე, არა მგონია მშობლებმა ძებნის ამოცანა უფრო წარმატებით შეასრულონ"
ბუწაშვილის აზრით, მშობლების შიში, რომ ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, სამართლიანია, რადგან სამინისტროს მხრიდან შესაბამისი მზადყოფნა არ არსებობს.
"ბევრი მშობელი სამართლიანად წუხს იმის გამო, რომ სკოლები არ არის სათანადოდ მზად გახსნისთვის და ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ სწორედ ამ მზადყოფნას დაუღალავად მოითხოვდნენ, გამოსავალს სწავლის ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელებაში ხედავენ (ანუ ბავშვები ისევ სრულიად არაადექვეტურ გარემოში დარჩნენ). ეს არ არის სწორი გამოსავალი.
პანდემიის დაწყებიდან მობილობის შემცირების ყველაზე მარტივ გამოსავლად რატომღაც ყველას სასწავლო დაწესებულებების დახურვა მიაჩნია.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოწინააღმდეგეები და თვითონ განათლების სისტემის წარმომადგენლების ნაწილიც ემზადებიან ნიშანი მოუგონ გახსნის მომხრეებს, აგერ ბატონო, გავხსენით სკოლები, გავრცელდა ვირუსი და მერე ისევ სწრაფად მიკეტონ, როგორც ეს ძალიან ეადვილებათ", - წერს ის.
შეგასხსენებთ, რომ 15 თებერვლიდან სწავლა საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში განახლდება. ეს შეზღუდვა ამ დრომდე მოქმედებს თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.