ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად შემდეგ აქციას სხვილოს ციხესთან გამართავენ. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
"შემდეგი ჩვენი პროტესტი გაიმართება უკვე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ წავალთ სწორედ იქ, საიდანაც გაიტაცეს ზაზა გახელაძე. ჩვენ ამით ხაზსს ვუსვამთ, რომ ის ტერიტორია, საიდანაც მოხდა ზაზა გახელაძის გატაცება არაა ოკუპირებული და ამის კონტროლირება უნდა ხდებოდეს", - თქვა დავით ქაცარავამ.
მისი თქმით, აქცია პარასკევს ან შაბათს გაიმართება, თარიღთან დაკავშირებით კი განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ. ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლების ნაბიჯები ჩვენი მოქალაქეების გასათავისუფლებლად არაეფექტურია და შესაბამისი რეაგირება არ ხდება.
დღეს, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართა რუსეთის საელჩოსთან.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლო ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.