
ეს ჯარიმა ემსახურება არა კანონის აღსრულებას და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის კერძო დაკვეთის შესრულება, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე, გენეტიკის ლაბორატორიის მმართველი გიორგი ჩალაძე ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე მუქარის ენით მოსაუბრე "ოცნების" ლიდერების განცხადებებს.
"ნიკა მელიას დაჭერა იქნება სულის და გულის საამებლად ბიძინა ივანიშვილის". - აცხადებს ჩალაძე.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას პოლიტიკური ნიშნით დევნის. გიგა ბოკერიას შეფასებით, სწორედ ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა, რომელიც მისი მტკიცებით, ოლიგარქის უდიდეს მარცხად იქცევა.
"დეკლარირებული ინსტრუმენტია პოლიტიკური დაკვეთით ოპონენტების დევნა და მელიას საქმე ბუნებრივია, კიდევ ერთი გამორჩეული მაგალითია, რადგან ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. გირაოს მოთხოვნას ხელისუფლება განიხილავს როგორც ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას. სასამართლომდე უტიფარი განცხადებები კიდევ ერთი დადასტურებაა ამის". - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, მაგრამ ხელისუფლება ვერ დაიჭერს.
ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - თქვა მან "მთავარი არხის" ეთერში.