ეს დასკვნა იქნება საფუძველი, რომ "ოცნებამ" რაღაც შეისმინოს - შეფასებები ევროკავშირის ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

ანგარიში მკაფიოდ მიგვითითებს სერიოზულ ჩავარდებზე, - ასე აფასებენ ბრიუსელში მომზადებულ ანგარიშს, სადაც განმარტებულია, რომ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება საქართველოსთვის.

მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებამ" ანგარიშში ტრადიციულად მხოლოდ პოზიტივი დაინახა, ოპოზიცია ევროპელი პარტნიორების გზავნილებს საყურადღებოდ მიიჩნევს.

"რთულია არ დაეთანხმო ანგარიშს იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლოს მართავს "მურუსიძე-ჩინჩალაძის" კლანი. ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ამ დასკვნაშიც ნათქვამია, რომ ეს არის მთავარი გამოწვევა. მეორე პრობლემა კი პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხია. "ქართული ოცნება" ატარებს პოლიტიკას, რომელიც საზოგადოების დაყოფას უწყობს ხელს. იმედი მაქვს, რომ ეს დასკვნა იქნება საფუძველი, რომ "ოცნებამ" რაღაც შეისმინოს", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის წევრი" გიორგი ხვედელიანი.

ხელისუფლების ოპონენტები დაპირისპირებულ მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევის აუცილებლობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ აღნიშნული ანგარიშშით ევროკავშირი კვლავ მთავარ გადაუჭრელ პრობლემებზე მიგვითითებს.

"სანამ თავის ფანტაზიებში მყოფი ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პრეტენზიულ ამბიციას გამოთქვამს, ევროკავშირი კვლავ გადაუჭრელ პრობლემებზე მიგვითითებს - დემოკრატია, კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო".- განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ანგარიში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ასახავს.

ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს გამოწვევად სასამართლო რეფორმა და პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემაა.

.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი