პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებების და ინტერვიუების საქმის მასალებისთვის დართვას ითხოვს. ბრალდების მხარის მტკიცებით, მელაშვილის გამოსვლები მისი დანაშაულის აღიარებაა და სასამართლოსგან ახლა ამ ინტერვიუებისთვის მტკიცებულებების სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
პროკურატურა, ალბათ, უკვე მიმდინარე პროცესზე წარადგენს იმ საჯარო განცხადებებს ივერი მელაშვილისა, რომელსაც უწყება "აღიარებად" თვლის. დღეს საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკაშვირებით წინასასამართლო სხდომა იმართება.
"დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს, ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის პრაქტიკულად აღიარებს, მაგალითად იმას, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია და ასევე, ის მონაკვეთები, რომელსაც ჩვენ, ბრალდების მხარე ვედავებით არასდროს ყოფილა საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში", - თქვა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.
პროცესს ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვაც ესწრებიან. ნატალია ილიჩოვამ პროცესზე შესვლამდე იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ივერი მელაშვილი კი ამბობს, რომ არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.
"მე მგონი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ნამდვილად უდანაშაულოები ვართ იმ ბრალდებაში, რაც წამოყენებული გვაქვს. ყველა ბრალდება, მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსურდული, არ არსებული ბრალდება. ციხეშიც ვიყავით და ახლა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან წერტილი დაესმება ყველაფერს", - თქვა ივერი მელაშვილმა.
სხდომა სასამართლოში ჯერ ისევ მიმდინარეობს.
დღესვე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს გადასცეს თუ არა ის საქმე არსებითად განსახილველად.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს.