პროკურატურა ივერი მელაშვილის საჯარო ინტერვიუების საქმის მასალებისთვის დართვას ითხოვს. თავის მხრივ, მელაშვილი ამბობს, რომ ის, რაც საჯაროდ ილაპარაკა, არც აღიარებითი ჩვენება ყოფილა და არც დანაშაულებრივი ქმედების გამართლება.
კარტოგრაფები და მათი უფლებადამცველები დამატებითი მტკიცებულებების შეგროვებასა და უდანაშაულობის დასამტკიცებლად მუშაობას განაგრძობენ.
"პროკურატურა ცდილობს, რომ ყველა განცხადება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ... ძალიან ცუდად გაიგეს, ამოჭრილი იყო. მე საუბარი მქონდა მხოლოდ იმაზე, რომ ხმამაღალი, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს", - ამბობს მელაშვილი.
მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის საკითხი 16 თებერვალს, სასამართლოზე განიხილება.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს.