
ცხინვალში, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სხდომა უკვე მეათედ ჩაიშალა. ინფორმაციას დე ფაქტო ცხინვალის მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებს.
დღეს ჩანიშნულ სხდომაზე, ქვორუმისთვის აუცილებელი 24 დეპუტატი არ გამოცხადდა და რეგისტრაცია მხოლოდ 19-მა ე.წ.-მა დეპუტატმა გაიარა, ეს რაოდენობა კი პარლამენტის სხდომის დასაწყებად აუცილებელ წინაპირობას არ აკმაყოფილებს.
აქვე გეტყვით, რომ პოლიტიკური კრიზისი ე.წ. პარლამენტის წევრთა ნაწილის მიერ გენპროკურორის გადადგომის მოთხოვნას მოჰყვა.
პროკურორის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დაკავებული ინალ ჯაბიევის სიკვდილს, რაშიც ოჯახი ხელისუფლებას ადანაშაულებდა, ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციების პერიოდულად გაგრძელებისა და აქციის მონაწილეებსა და მილიციას შორის მომხდარი დაპირისპირებების ფონზე, 34-დან 17-მა ე.წ. დეპუტატმა უარი განაცხადა სხდომებში მონაწილეობაზე მანამ, სანამ ე.წ. გენპროკურორის გადაყენების საკითხი არ გაირკვეოდა.
ამან შექმნა შექმნა რეალობა, რომ პარლამენტში კვორუმისთვის საჭირო ხმები ვერ გროვდებოდა და ე.წ. საკანონმდებლო ორგანო ვერ ახერხებდა გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, ბიუჯეტის დამტკიცებას.
ე.წ.-მა პრეზიდენტმა ბიბილოვმა სამჯერ გაუგზავნა წერილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ, თუმცა, სესია ორივეჯერ ჩაიშალა, კვორუმის არარსებობის გამო.
ამის შემდეგ ბიბილოვი ე.წ. პარლამენტის დათხოვნას აპირებდა, თუმცა, 5 თებერვალს სხდომა შედგა, რადგან სიტუაციის განსამუხტად მოსკოვიდან ჩასულმა რუსეთის დუმის დელეგაციამ მისია დროებით შეასრულა: კვორუმი შეივსო, მაგრამ ცხინვალიდან რუსი დეპუტატების გამგზავრების შემდეგ სხდომები ისევ ვერ ტარდება.