
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ისინი ეტაპობრიობის პრინციპს იცავენ და ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ყველა შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში ნეგატიური შედეგი დადგეს. ასე უპასუხა მან კვების ობიექტების მოთხოვნას, რომ შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მიეცეთ, ასევე, გახანგრძლივდეს კომერციული საქმიანობის დრო.
"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ მეტი, არამარტო ღია სივრცეები, არამედ დახურული სივრცეებიც, შაბათ-კვირის მოხსნაც, საათების შეზღუდვის მოხსნაც. გასაგებია ეს ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები ისევ, მათ შორის რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს ჩვენ არ მოგვიხდეს გამოთხოვა ამ ლიბერალიზაციის პოლიტიკის და შეზღუდვების ისევ დაწესება", - თქვა ნათია თურნავამ.
მისი განცხადებით, სექტორთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და შემდეგ კვირაში მათთან შეხვედრას თავადაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ რესტორნებსა და კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან ღია სივრცეში მომხმარებლების მიღება შეეძლებათ. ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთწლიანი დახურვის შემდეგ ხელახლა გახსნა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამ პირობებში მუშაობა მათთვის ძალიან რთულია.