რატომ გაუქმდა StopCovid-ის 400 000-ლარიანი აპლიკაცია - TI ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს სთხოვს

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს, რომ 20 იანვარს, ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტომ 400 000-ლარიანი Stop Covid აპლიკაცია ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა, რაც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ეჭვს აჩენს. 

ორგანიზაცია წერს, რომ პასუხგაუცემელია:

  • რა იყო ის კონკრეტული მიზეზი/ები, რის გამოც გადაწყდა აპლიკაციის დეაქტივაცია?
  • 2020 წლის შემოდგომაზე, ვირუსის უკონტროლო გავრცელების დაწყების შემდეგ, რატომ არ მოხდა აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება?
  • თუ პრობლემა იყო პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი, მაშინ დააბრუნა თუ არა კონტრაქტორმა კომპანიამ თანხა, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული?

TI წერს, რომ როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს და სხვადასხვა გათვლებით, პანდემია შეიძლება კიდევ წელიწადნახევარი გაგრძელდეს, გაუგებარია, რატომ გააუქმა სამინისტრომ აპლიკაცია, რომლის სრულფასოვნად ამოქმედებას ვირუსის გავრცელების შენელება უნდა გამოეწვია.

"ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ეს აპლიკაცია გააკეთა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ახსნა განმარტება გაეკეთებინა იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ გახდა საჭირო ამ აპლიკაციის გაუქმება. ჩვენთვის ეს აჩენს ეჭვებს, რომ შეიძლება საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იყო გამოყენებული. ასეთი სრული გაუმჭვირვალობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პრობლემურია და ჩვენ მოვუწოდებთ, პოსტფაქტუმ მაინც გააკეთოს განმარტებები", - ამბობს TI-ის წევრი, ალექსანდრე ქევხიშვილი.

ორგანიზაცია წერს, რომ აპლიკაციის მუშაობისთვის მთავარი მასობრივი გამოყენება იყო, ამისთვის კი შესაბამისი მასშტაბის საინფორმაციო კამპანიის წარმართვა.

"ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია არ განხორციელებულა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც საქართველოში რეალურად დაიწყო ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა ჩვენი კითხვა, თუ რა თანხა დაიხარჯა აპლიკაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე", - წერია განცხდებაში. 

TI მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება Stop Covid აპლიკაციის წარუმატებლობისა და მისი დეაქტივაციის მიზეზების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი