რა ევალება სკოლას და რა-მოსწავლეს - წესები დღეს გახსნილი სკოლებისთვის, სრულად

გამოქვეყნდა:

საქართველოს ქალაქებში სწავლა სკოლების სასწავლო კლასებში 1 თებერვლიდან აღდგა, გამონაკლისი მხოლოდ სამი დიდი ქალაქი, მათ შორის, თბილისი იყო. საქართველოს დედაქალაქში სწავლა დღეს იწყება. ამასთან, მშობლებსა და მოსწავლეებს, თავად შეუძლიათ შეარჩიონ სწავლების რეჟიმი: ან ონლაინსწავლებაზე დარჩენა, ან საკლასო ოთახებში სიარული. 

იმის შესახებ, მოემზადნენ თუ არა სათანადოდ საჯარო სკოლები კოვიდპანდემიის კონტექსტის გათვალისწინებით სასწავლო პროცესის განსაახლებლად, აზრთა სხვადასხვაობაა. განათლების სფეროს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პერიოდი, რა დროსაც საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო ხელისუფგლებამ და, კონკრეტულად, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებმა ვერ გამოიყენეს იმისთვის, რომ სწავლის პროცესის განახლებას მომზადებულები შეხვედროდნენ. 

განათლების სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა და სკოლები "სათანადოდაა აღჭურვილი" ყველაფრით, რაც აუცილებელია კოვიდპანდემიის პრევენციისთვის:

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. შესაბამისი მარაგები სკოლებს საკმარისად აქვთ მთელი სასწავლო წლისათვის.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია სამინისტროს ყველა რეკომენდაცია" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ვნახოთ, რა წესების დაცვის რეკომენდაციას იძლევა ამ კუთხით UNICEF სკოლებისთვის,  ამ დროისთვის არსებული მოცემულობით, რა ევალება სკოლებს, ხოლო მშობლებს და მაღალი კლასის მოსწავლეებს უკვე თავად შეეძლებათ შეაფასონ, როგორი სურათი დახვდებათ საჯარო სკოლებში დღეს, როცა კარს შეაღებენ. 

რა ევალება სკოლებს, ამ დროის მოცემულობით:

  • ყველა მასწავლებელს, რომელიც გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ჩაატარებს, გავლილი უნდა ჰქონდეს კოვიდტესტირება.
  • მასწავლებელი, რომელსაც არა აქვს გავლილი ტესტირება, არ უნდა დაიშვას გაკვეთილებზე.
  • ავადმყოფი მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები სკოლაში არ უნდა მივიდნენ.
  • სკოლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველამ რეგულარულად დაიბანოს ხელი წყლითა და საპნით, გაიწმინდოს სპირტით / სადეზინფექციო ხელსახოცებით ან ქლორის ხსნარით და რომ სკოლაში, როგორც მინიმუმ ყოველდღე, მოხდეს ზედაპირების დეზინფექცია და წმენდა;
  • სკოლებმა უნდა უზრუნველყონ წყლის, სანიტარული საშუალებების და ნარჩენების მართვის საშუალებების არსებობა და დაიცვან გარემოს წმენდისა და დეკონტამინაციის პროცედურები;
  • სკოლებმა ხელი უნდა შეუწყონ სოციალურ დისტანცირებას (ეს ტერმინი გულისხმობს გარკვეულ მოქმედებებს, რომლებიც ძალზე გადამდები დაავადების გავრცელების შენელების მიზნით ხორციელდება, მაგალითად, ადამიანთა დიდი ჯგუფების შეკრების შეზღუდვას).

UNICEF-ის რეკომენდაციები:

  • მკაცრად დანერგეთ ხელების ხშირი დაბანის და სანიტარული ზომების განხორციელების პრაქტიკა და შეიძინეთ ამისთვის საჭირო მასალები.
  • მოამზადეთ ხელსაბანები და უზრუნველყავით, რომ იქ ყოველთვის იყოს საპონი და წყალი. თუ შესაძლებელია, ყველა საკლასო ოთახის, სასადილოს და ტუალეტის შესასვლელებში დააწყვეთ ხელის სადეზინფექციო (სპირტის შემცველი) საშუალებები.
  • მინიმუმ დღეში ერთხელ გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ სკოლების შენობებს, საკლასო ოთახებს და განსაკუთრებით სველ წერტილებს, კერძოდ იმ ზედაპირებს, რომლებსაც ბევრი ადამიანი ეხება (მოაჯირებს, სასადილო მაგიდებს, სპორტულ ინვენტარს, კარებისა და ფანჯრების სახელურებს, სათამაშოებს, სასწავლო მასალებს და ა.შ.).

დანერგეთ სოციალური დისტანცირების პრაქტიკა, რომელიც შეძლება ითვალისწინებდეს:

  • სასკოლო დღის დაწყებისა და დამთავრების დროის შეცვლას;
  • შეკრებების, სპორტული შეჯიბრებების და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას;
  • თუ ეს შესაძლებელია შექმენით სივრცე, რომ ბავშვების მერხები ერთმანეთისგან დაშორებული იყოს მინიმუმ ერთი მეტრით;
  • ასწავლეთ მოსწავლეებს, როგორ შეიქმნან სივრცე და მოერიდონ სხვა ადამიანებთან შეხებას, თუ ეს აუცილებელი არ არის.
  • შეიმუშავეთ პროცედურები ისეთი შემთხვევებისთვის, თუ მოსწავლე ან თანამშრომელი ავად გახდება
  • ჯანდაცვის სფეროს ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაგეგმეთ, რა სახის სამედიცინო პერსონალი ჭირდება სკოლას და განაახლეთ საგანგებო სიტუაციაში საკონტაქტო პირების სიები.
  • შეიმუშავეთ ჯანმრთელი მოსწავლეებისა და თანამშრომლებისგან ავადმყოფი მოსწავლეებისა და თანამშრომლების განცალკევების პროცედურა - სტიგმის შექმნის გარეშე, აგრეთვე შეიმუშავეთ მშობლების / აღმზრდელების ინფორმირების პროცედურა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია სამედიცინო პროვაიდერებთან / ჯანდაცვის ორგანოებთან .
  • სიტუაციიდან / კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს მოსწავლეების / თანამშრომლების უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში ან სახლში გაგზავნა. წინასწარ გააცანით პროცედურები თანამშრომლებს, მშობლებს და სტუდენტებს.

სწორედ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით აცხადებს განათლების სამინისტრო, რომ ისინი ზედმიწევნით ზუსტადაა შესრულებული, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. რა იქნება რეალობა, დღეს, 15 თებერვალს გამოჩნდება. 

ლაშა ბერულავა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი