რა მოჰყვება პრემიერმინისტრის გადადგომას, როგორია ის ცვლილებები, რომლებსაც ასეთ სიტუაციაში კანონი ითვალისწინებს და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სამთავრობო წრეებში - გთავაზობთ პროცედურებით გათვალისწინებულ იმ ქმედებათა სიას, რაც, როგორც წესი, პრემიერმინისტრის გადადგომას მოსდევს.
მთავრობა აგრძელებს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერის დანიშვნამდე (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-1)
წყარო კონსტიტუციიდან:
"პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე". - მუხლი 56-1.
"პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა"- მუხლი 56-2.
"ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა"- მუხლი 56-2
"თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს" - მუხლი 56-3.
"საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას", - მუხლი 56-4.
"მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება", - მუხლი 56-5.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს, 18 თებერვალს გააკეთა