
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმ რეჟიმში, როდესაც მმართველ პარტიას ოპოზიციის წარმომადგენლები მძევლად აჰყავს, მოლაპარაკებები ვერ განახლდება.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება თუ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა დასრულდება.
"მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ როდესაც მოლაპარაკების პროცესში მძევლად აჰყავთ ადამიანები, ჩვენ ასე მოლაპარაკებებს, ცხადია, ვერ განვაახლებთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის გასაგები, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა დასრულდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება განვაახლოთ მოლაპარაკებები, მაგრამ ახლა ხელისუფლება იქცევა, როგორც კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც ხალხი აჰყავს მძევლად, ცხადია ჩვენ მოლაპარაკების იმედი არ გვაქვს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ენმ-ს ოფისში ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს.