
დასავლელი პოლიტიკოსები ბოლო დღეებია წერილებს გზავნიან და ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ. მათი მოსაზრებები საკმაოდ კრიტიკულია. სენატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის წერილს, გამოხმაურება მოყვა თბილისში.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანი "ქართული ოცნების" უკანდახევაა. მათი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის, რაზეა წამსვლელი "ქართული ოცნება" და ზუსტად ამიტომ გააქტიურდნენ ბოლო პერიოდში.
ამერიკელი სენატორების ძირითადი მესიჯია, რომ ოპონენტების წინააღმდეგ დევნა უნდა შეწყდეს, რადგან პოლიტიკური კრიზისის მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოწოდებები ორმხრივია და მისი შესრულება ევალება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.
'საუბარი გვქონდა იმაზე, რა უნდა მოხდეს, მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში, იმ განხილვებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გაიმართოს უახლოეს დღეებში ბრიუსელში. უნდა მოხდეს განახლებული სტრატეგიით ევროკავშირის ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად', - განაცხადა სალომე სამადაშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა.
ოპოზიციის წევრები არსებული ვითარების გამო გამოხატავენ შეშფოთებას და მოუწოდებენ ხელისუფლებას სამოქალაქო მშვიდობისკენ.
წერილს გამოხმაურება მოყვა ხელისუფლების მხრიდანაც. პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა:
"მაშინ როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, პარლამენტი, კონგრესი თუ სხვა, როგორ მოიქცევიან, მერე მაინტერესებს მათი პასუხი. თარჯიმნის პრობლემა თუ აქვთ, მოვიდნენ და ჩვენ ვუთარგმნით, ან თვითონ არ აქვთ პრობლემა, თარგმნონ", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ სენატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.