
"ქართული ოცნების" წევრის, სოზარ სუბარის შეფასებით, უკვე ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ "ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა". სუბარმა, ასევე, აღნიშნა, რომ არ იცის, რამდენად ღირდა ამის სანაცვლოდ გია ხუხაშვილის და ეკა კვესიტაძის შექება მოეპოვებინა.
"ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც. ამას სახელს ვერ ვარქმევ. ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან არ შეიძლება. ასე არ უნდა მოიქცეს ადამიანი. რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს საარჩევნო კამპანიაზე. უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა", - თქვა სოზარ სუბარმა "იმედის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. მის შემცვლელად "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.