გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ამ დრომდე უცნობია. ხელლისუფლებაში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და პროცესის ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ასე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი პოზიცია დაინახა.
"კარი არასოდეს არ დაგვიხურავს, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით, დღესაც ვრჩებით ერთგული იმის, რომ პროცესები უნდა წარიმართებოდეს დემოკრატიულ ჩარჩოებში, სწორედ მოლაპარაკებების გზით და თუკი ვინმეს არ სურდა მოლაპარაკებები ეს იყვნენ სწორედ რადიკალური ჯგუფები. ჩვენი დღის წესრიგი არ შეცვლილა, ჩვენ უნდა დაველოდოთ ოპოზიციური ჯგუფების შემდგომ პოზიციებს", - ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ორხანაშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რაუნდის ნომერს, მთავარია ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან და ამისთვის მოლაპარაკებებია საჭირო.
"ცოტა სასაცილოდ გამოიყურება მმართველი გუნდი, ახლა როდესაც ისინი ამბობენ რომ მზად არიან მოლაპარაკების პროცესისთვის, მაშინ, როდესაც დაინახეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი პოზიცია და ახლა დაიწყეს საუბარი. მეხუთე რაუდს დავარქმევთ, თუ მეექვსეს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის ერთი რამ, დღეს ქვეყანა უნდა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც, ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. დღეს მთავარია, რომ ჩვენ ყველა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან", - გიორგი ბოტკოველი
ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.
შეგახსენებთ, რომ რომ 18 თებერვალს, შსს-მ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების აღსრულება და ნიკა მელიას დაკავება გადადო.