"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე შტურმის დროს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების თქმით, დაკავების პროცესში პოლიციელები მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
"დაკავება იყო ძალიან ბრუტალური და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი შენობაში. ისინი მაქსმიმალურად ცდილობდნენ, რომ ეს არ მომხდარიყო კამერების დასანახად", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კვარაცხელია.
როგორც აქტივისტები ამბვობენ, ისინი იმიტომ დააკავეს, რომ პოლიციელებს ტაშს უკრავდნენ და შეძახილებით "მონა" აცილებდნენ.
"ჩემი დაკავების მიზეზი იყო ის, რომ ამ ოპერაციის ერთ-ერთ მეთაურს ტაშით ვაცილებდი. ამაზე გაბრაზდა და დამაკავა ძალადობრივი მეთოდებით. გამათავისუფლეს იმ პირობით, რომ სასამართლოში გამოვცხადდებოდი. დღეს დავრწმუნდი, რომ გავრილოვი გვიდგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს და გავრლოვის დაკვეთით დაიჭირეს ნიკა მელიაც", - ამბობს აქტივისტი ნიკა ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. დაკავებულია 21 ადამიანი.