
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. ის ოპოზიციას ურჩევს, რომ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოსვლა და პარლამენტში შევიდეს.
"მე ვურჩევ ოპოზიციას, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს. დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც აირჩია ჩვენი საზოგადოების ნაწილმა, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში. ჩვენ გადავიტანოთ დისკუსია პარლამნეტში და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე რაც ქვეყანას აწუხებს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკება "ქართულ ოცნებას" არ შეუწყვეტია და სრული მზადყოფნა აქვთ, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები შედგეს. მისი თქმით, შეთანხმება და მოლაპარაკება მხოლოდ სამართლიან პირობებზე შესაძლებელი.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნორებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ და ყველა საკითხზე რაც მათ აინტერესებთ "ობიექტურ" ინფორმაციას მიაწვდიან.