
"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე და მისი ოჯახის წევრებზე ძალადობრივი თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაცია წერს, რომ მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს და მიმდინარე საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს.
მათ შორის, გამოძიებამ სათანადოდ შეისწავლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლის საფუძველზე (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) სავარაუდო სიძულვილის მოტივი.
"ჩვენი აზრით, მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია, რომელიც ძალადობის და დაპირისპირების რისკებს მიკრო-სოციალურ დონეებზეც აჩენს და არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია აქტორებისთვის", - წერს EMC.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა ფაქტები არ არის ეფექტურად გამოძიებული, რომელთა შორისაა 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე ჟურნალისტების დაზიანებები. EMC მოუწოდებს:
შსს და პროკურატურას:
- გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარმართოს და კვალიფიკაციის დროს გამოიყენოს სსკ-ის 53 პრიმა მუხლი, რომელიც კონკრეტული დანაშაულების დროს სიძულვილის მოტივის არსებობას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს და ამგვარი სახის დანაშაულებს საგანგებო სიფრხილითა და სიმკაცრით ებრძვის.
პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტის წევრებს:
- გააკეთონ საჯარო განცხადებები, რომელიც ამგვარ ძალადობრივ გამოცდილებებს დაგმობს და შექმნილი მტრული საინფორმაციო გარემოს ცვლილებისკენ იქნება მიმართული.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.
ამავე თემაზე: