
"ხელისუფლება საკუთარი პროპაგანდით იმ ადამიანებს აქეზებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ხოტბას არ აღავლენს "ქართული ოცნების" მიმართ, ესაა თავი და თავი", - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ვახო სანაიაზე თავდასხმას.
როგორც გრიგოლია ამბობს, მას FACEBOOK-ზე ღიად დაემუქრნენ, რაზეც შსს-საც მიმართა, თუმცა უწყებას რეაგირება არ ჰქონია.
"ხელისუფლება საკუთარი პროპაგანდით იმ ადამიანებს აქეზებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ხოტბას არ აღავლენს "ქართული ოცნების" მიმართ, ესაა თავი და თავი. ის განცხადებები, რაც ჩვენ მათგან წლების განმავლობაში გავქვს მოსმენილი, როგორ გვეძახიან ზონდერებს, ქვეყნის მტრებს, როგორ გვამკობენ უკანასკნელი სიტყვებით, ეს ახალისებს ძალადობას.
ამასწინათ, FACEBOOK-ზე ერთი ტვინნაღრძობი მე დამემუქრა, რომ ტყვია არ მენანება შენთვის და ხელი არ ამიკანკალდებაო. დავთაგე FACEBOOK-ზე შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ, რომ რეალური პროფილით იყო და რეაქცია იყო მოდით და სარჩელი შეიტანეთო. მე ვუთხარი, ჩემი მოსვლა რად გინდათ? კაცი ღიად ტყვიად იმუქრება საჯარო სივრცეში ჩემი მისამართით. არ ჰქონიათ რეაგირება. ამ ტიპს შერჩა ხახვივით... მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს არაა ბოლო შემთხვევა", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ინგა გრიგოლიას თქმით, ეს ყველაფერი არის ხელისუფლების ხელწერა და ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რასაც მათგან ვისმენთ.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.
ამავე თემაზე: