
"ქართული ოცნების" მხრიდან, პარლამენტისა თუ მთავრობის ტრიბუნებიდან სიძულვილის შემცვლელი განცხადებები დღემდე გრძელდება. თავდასხმების სამიზნე ხდება ოპოზიციური პარტიების ოფისებიც. გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი უკვე ექვსჯერ დაარბიეს. შესაბამისად, იკვეთება აზრი, რომ მმართველი პარტიის დონეზე ძალადობა წახალისებულია, რასაც ოპოზიციაში აფასებენ, როგორც "ბოლშევიკური მმართველობის" სტილს.
ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ თუ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამ პოლიტიკას დაგმობენ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობას არც მათი მხარდამჭერები მიმართავენ.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებს თავს ესხმიან. ჩვენ ვნახეთ რა ხდებოდა საარჩევნო კამპანიის დროსაც, ნიკა მელიას ოფისი გადაუწვეს საერთოდ გლდანში და ახლაც მიმდინარეობს ფარული ტერორი ხელისუფლების მხრიდან. მე არ მინახავს ისინი დასჯილიყვნენ ხელისუფლების მხრიდან, პირიქით თავზე ხელს უსვამენ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით კი, ხელისუფლებამ დროულად უნდა გამოიძიოს ძალადობის ყოველი შემთხვევა და აღმოფხვრას ძალადობის წახალისება.
ჩვენ რაც ვიხილეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის "სიძულვილის ენის" შემცვლელი გამონათქვამების გამოძახილი, რომლებსაც ხელისუფლების მხრიდან ჰქონდა ხოლმე ადგილი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, მედიის მიმართ. ჩვენ სამწუხაროდ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტიც. ხელისუფლებას ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, რომ თვითონ ხელისუფლებამ დაგმოს ასეთი საქციელები, - თქვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ბოლო თავდასხმა გუშინ, 2 მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისზე განახორციელეს.
ამავე თემაზე:
გორში ენმ-ს ოფისი მეექვსედ დაარბიეს, ხელისუფლების მიერ არიან წახალისებულები - კახნიაშვილი