კუთხეში არიან მიმწყვდეული, საბაბს ეძებენ, მაგრამ არ მივცემთ - ოპოზიცია ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიცია და მოქალაქეები იკრიბებიან და ემზადებიან ავტომსვლელობისთვის, რომელიც რუსთავში, მე-12 ციხესთან დასრულდება. აქცია ენმ-ის დაპატიმრებული ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად ტარდება.

დღეს, ოპოზიციის თავდაპირველი გეგმით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტი იყო დაანონსებული, მაგრამ ოპოზიციამ ის მსვლელობით ჩაანაცვლა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან სიტუაციის განსამუხტად, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ოპოზიციის საქციელის შედეგია.

"პრინციპული განცხადებები ამასთან დაკავშირებით გაკეთებული გვაქვს, ვნახავთ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, რა დათმობებზე წამოვა და ეს გაგვიხსნის გზას, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ფორმას მიიღებს აქციები, როგორ გაგრძელდება", - ამბობს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ლაშა დამენია. 

ლეიბორისტი გიორგი გუგავა კი ამბობს, რომ ხელისუფლება კუთხეშია მიმწყვდეული და საბაბს ეძებს, მაგრამ ოპოზიცია არ მისცემს ამის საშუალებას. სწორედ ამიტომ, გუგავას თქმით, ოპოზიციამ ისეთი აქციების ფორმატი შეარჩია, სადაც საერთოდ არ იქნება კონტქაქტი პოლიციასთან.

"ახლა საბაბს ეძებენ, რომ ჩაშალონ ეს შეხვედრები, კუთხეში არიან მომწყვდეული. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა შეირჩეს აქციების ისეთი ფორმატი, სადაც შეხებაც კი არ იქნება პოლიციასთან", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, ოპოზიციამ დაანონსებული აქციების ფორმატი და დრო შეცვალა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამონაწილეობით შედგენილი ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი