
ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა - ფასების ზრდა შეუქცევად პროცესად იქცა. ინფლაციის მაჩვენებელმა გათვლილს ორჯერ გადააჭარბა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 7-იან ნიშნულსაც გასცდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხს, ვისაც სესხი აქვს, პროცენტი გაეზრდებათ და თვის ბოლოს ბანკში კიდევ უფრო მეტის მიტანა მოუწევთ.
ლარის რეკორდული გაუფასურების გამო დაწყებული ინფლაციის შეჩერებას ეროვნული ბანკი ისევ ხალხის ხარჯზე ცდილობს. კომერციული ბანკებისთვის რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით 100 ათასზე მეტ მოქალაქეს სესხი უკვე გაუძვირდა. მაღალი რეფინანსირების განაკვეთით და სესხებზე მოთხოვნის შემცირებით, ეროვნული ბანკი ფასების ზრდის ხელოვნურად შეჩერებას ცდილობს.
ოპოზიცია გადადგმულ ნაბიჯებს ჩაკეტილ წრეზე ტრიალს უწოდებს და ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ლომის წვლილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიუძღვის.
მას შემდეგ, რაც ინფლაციის დონე მიზნობრივი 3 პროცენტიდან 6,9 მეათედ პროცენტამდე გაიზარდა, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე ინტერვენცია განახორციელა, თუმცა ვალუტის გაუფასურება არ შეწყდა. ამის შემდეგ კი მთავარმა საფინანსო უწყებამ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა.