"ჩამოაშორეს პრაქტიკული ინსტრუმენტები იმ ადამიანებს, ვისაც არ ენდობიან, იმიტომ რომ, არ არიან მათი ყურმოჭრილი მონები და გადააბარეს იმათ, ვინც უსიტყვოდ ასრულებს პარტიის მითითებებს", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაწყებულ რეორგანიზაციას.
ცესკო-ს ყოფილი თანამშრომელი, აკაკი ხუსკივაძე კი ამბობს, თამარ ჟვანია "განტევების ვაცად" იქცა. მისი თქმით, მორიგ არჩევნებამდე ჟვანიას აუცილებლად გაათავისუფლებენ, თუმცა მანამდე "მტკივნეულ" გადაწყვეტილებებს მიაღებინებენ.
..ცესკო-ში მანამდეც იყო ე.წ. "ოდეერი", მაგრამ ახლა ცალკე თანამდებობა იქნება გამოყოფილი მისთვის. იზრდება ზოგიერთი თანამშრომლის გარკვეული ფუნქციები და ზოგ დეპარტამენტს ართმევენ ფუნქციებს და უმატებენ იმ დეპარტამენტებს, რომლებიც 2020 წლის არჩევნებზე "კარგად მოიქცნენ", - ამბობს აკაკი ხუსკივაძე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ცესკო ფუნდამენტურად არ განახლდა, ცალკეულ რეორგანიზაციებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ფარულად გამოცხადებული რეორგანიზაცია ხელისუფლებაში ატეხილ აჟიოტაჟზე მიუთითებს.
დიდი ფორიაქია ატეხილი, არამხოლოდ ცესკო-ში, არამედ მთლიანად ხელისუფლებაში. გასაგებია, რომ მზადება მიდის სხვადასხვა მიმართულებით და ახლა ცესკო-ში ასე ფარულად გამოცხადებული რეორგანიზაცია, ისე დაიწყეს და დაამთავრეს, რომ კაცი შვილს არ გაუგია, ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მართლაც კუთხეში არიან მიმწყვდეულები და ეძებენ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. რაც არ უნდა რეორგანიზაციები ატარონ, ეს ნამდვილად არ უშველის საქმეს, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ჟვანიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შტატები გაზარდა. თუმცა ახალი საშტატო ნუსხა და ორგანიზაციული სტრუქტურა ისე დაადგინა, რომ ამის შესახებ წინასწარ არავის გააგებინა.