
საპატრიარქოს განცხადებით, 2021 წლის 7 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს. ამის მიზეზი, მათი განცხადებით, ეპარქიის ახალ მმართველთან მსახურებაში მონაწილეობაზე უარის თქმაა.
"ჭყონდიდის მღვდელმთავრის მოწოდებაზე, მასთან ერთად სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილეობის თაობაზე, დიაკვნებმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა არ ინებეს თავისი პირდაპირი მოვალეობის აღსრულება და ჭყონდიდის მიტროპოლიტთან თანამსახურება.
მრავალი გაფრთხილებისა და შეგონების პასუხად, მათ უცნაური „მიმართვა“ გამოაგზავნეს, რომელშიც განაცხადეს, რომ „ძალა არ შესწევთ“, „ღვთისგან“ მათზე „დაკისრებული სადიაკვნე მსახურების“ ჭყონდიდის მიტროპოლიტის „გვერდით აღსრულებისა“. ამ „მიმართვის“ მიღების შემდეგ, ჩვენ კვლავ შევეცადეთ მათი, ახლა უკვე წერილობითი შეგონება და მათზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისკენ მოწოდება, თუმცა, მათ ეს ბოლო გაფრთხილებაც უგულებელჰყვეს", - წერს საპატრიარქო.
საპატრიარქო აცხადებს, რომ დიაკონ კონსტანტინე გაბისონიასა და დიაკონ პეტრე ღუდუშაურს ნებისმიერ მღვდელმოქმედებაში მონაწილეობა აკრძალა. მათი აღდგენის საკითხი მხოლოდ "გულწრფელი სინანულის საჯარო" გამოხატვის შემთხვევაში განიხილება.
"ბოლო გაფრთხილება ეძლევა დიაკონ ანანია კალანდიას, რომელიც მხოლოდ ერთხელ (აბაშაში), ისიც დაგვიანებით, გამოცხადდა მსახურებაზე. მოვუწოდებ მას, დაემორჩილოს მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მასაც ავუკრძალოთ მსახურება.
მოვუწოდებ ჭყონდიდის ეპარქიის ცხოვრებაში შფოთის შემომტან სასულიერო პირებსა და ბერ-მონაზვნებს, აგრეთვე, მათ უგუნურ ქმედებებს აყოლილ საერო პირებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, არამედ, ხელი შეუწყონ ჭყონდიდის ეპარქიის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და ღვთისადმი კეთილმსახურების გაძლიერებას“, - ვკითხულობთ მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ სინოდის ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით, ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფედ სტეფანე გამწესდა. ამავე თემაზე: