კორუფცია გადაზიდვებში - ყველაზე შემოსავლიან ბიზნესს საქართველოში რუსეთის მოქალაქე აკონტროლებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ბიზნესს რუსეთის მოქალაქე ფელიქს ხუდოევი აკონტროლებს. 

ყველა ტვირთი, რომელიც თურქეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გადის, ხუდოევის კომპანიას გადააქვს, თანაც ბევრად უფრო მაღალ ფასად, ვიდრე ამას ქართული კომპანიები აკეთებენ.

რუსეთის მოქალაქემ თურქი ბიზნესმენები რამდენიმე თვის წინ, თბილისში, სასტუმრო „ბილთმორში“ დაიბარა და დაემუქრა, თუ გადამზიდავად მის კომპანიას არ აირჩევდნენ, მათ დატვირთულ მანქანებს საბაჟოზე დიდი ხნით გააჩერებინებდა. პრობლემებიც ამის შემდეგ დაიწყო. ვინც ხუდოევის ულტიმატუმს დათანხმდა და მის კომპანიას ტვირთის გადატანაში 300 დოლარით მეტს უხდის, პრობლემა აღარ აქვს; ხოლო ვინც არ დათანხმდა, მას ხელოვნური ბარიერები შეექმნა.

ქართველი გადამზიდავები ამბობენ, რომ ფელიქს ხუდოევის მუქარა სისრულეში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა მოიყვანეს. შემოსავლების სამსახური მათ ტვირთს წითელ ზონაში აჩერებს და საქართველოდან გასვლის უფლებას მხოლოდ 15 დღის შემდეგ აძლევს. თურქი ბიზნესმენები იძულებულნი არიან, ქართულ კომპანიებთან კონტრაქტები გაწყვიტონ და ფელიქს ხუდოევის კომპანიასთან ითანამშრომლონ.

ფელიქს ხუდოევი წლებია, რაც საქართველოში რეგისტრირებულ რამდენიმე კომპანიას ფლობს და ოფიციალური წილებიც მის სახელზეა გაფორმებული.

2020 წლის იანვარში დაარსებული გადამზიდავი კომპანიის „არარატ საქართველოს“ 100%-იანი წილი კი, მასთან დაახლოებულ პირზე ალექსანდრე კიტოიანზეა გაფორმებული. კომპანიას ყოველთვიურად მილიონობით ლარის შემოსავალი აქვს.

ქართულმა გადამზიდავმა კომპანიებმა საბაჟოზე უკანონო ქმედებებსა და მათთვის ხელოვნური პრობლემების შექმნის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს, თუმცა ამ დრომდე ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. მინისტრის მოადგილემ დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ ფაქტით დაინტერესდება.

ფელიქს ხუდოევი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ბიზნესმენი არც "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს პასუხობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი