საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) არ სცნო ალექსანდრე ლუკაშენკოს ვაჟი, ვიქტორი ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად. ამის შესახებ 8 მარტს, საღამოს, განცხადება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ სცნობს ვიქტორ ლუკაშენკოს ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად", - ნათქვამია განცხადებაში.
ალექსანდრ ლუკაშენკოს უფროსმა ვაჟმა, ვიქტორმა ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე მამა თებერვალში შეცვალა, ალექსანდრ ლუკაშენკო ოლიმპიურ კომიტეტს 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
აქვე გეტყვით, რომ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა სეოკ-ის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დაიცვა თავისი სპორტსმენები პოლიტიკური დისკრიმინაციისგან.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აუკრძალა ალექსანდრ და ვიქტორ ლუკაშენკოებს ტოკიოს ოლიმპიადაზე დასწრება და უარი თქვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებაზე.
შემდეგი ნაბიჯი უკვე შესაძლოა ის იყოს, რომ ბელარუს სპორტსმენებს ქვეყნის დროშის ქვეშ ოლიმპიადებზე გამოსვლა აეკრძალებათ.