ათასზე მეტი მორაგბე სახელისუფლო კანდიდატის წინააღმდეგ - არჩევნები პოლიციის მობილიზაციის ფონზე

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების წინ "ექსპო ჯორჯიას" პავილიონთან, სადაც ყრილობა ტარდება, ათასზე მეტი ვეტერანი და მოქმედი მორაგბეა შეკრებილი. ისინი ირაკლი აბუსერიძეს უცხადებენ მხარდაჭერას და ამბობენ, რომ იოსებ ტყემალაძე, რომელიც დღეს ყრილობაზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია, სახელისუფლო კანდიდატია, რომელსაც, არჩევის შემთხვევაში, უნდობლობას გამოუცხადებენ და რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ აღიარებენ. 

ამასთან, ის დელეგატები, რომლებიც ირაკლი აბუსერიძეს უცხადებენ თანადგომას, აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მის სამართლებრივ დავას და თუ მათი ეს პოზიცია შეიცვლება, ზეწოლის შედეგი იქნება. 

"აი ეს, რაც ახლა ხდება, არის სამარცხვინოა. ასე თუ უნდა იმ ადამიანს გააგრძელოს და გახდეს რაგბის პრეზიდენტი, ვერ გააგრძელებს, მე ვაძლევ ამის პირობას", - ამბობს ირაკლი აბუსერიძე.

დღეს დანიშნული ყრილობის ადგილზე, პროტესტის ნიშნად ვეტერანი მორაგბეების თავშეყრას გამოეხმაურა შსს, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, "უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან".

შეგახსენებთ, დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები ტარდება. ერთადერთ კანდიდატს, იოსებ ტყემალაძეს, პრეზიდენტობისთვის 38 ხმა სჭირდება, მორაგბეთა უმრავლესობა არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ხოლო იოსებ ტყემალაძეს - სახელისუფლო კანდიდატად. მორაგბეებმა ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად 400 ხელმოწერა მოაგროვეს, თუმცა, მათი პროტესტი ამ დრომდე უშედეგოა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ რეესტრმა რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა ორჯერ დაახარვეზა. რის შემდეგაც ახალი არჩვენები ჩაინიშნა, რომლის ერთადერთი კანდიდატი, ხელისუფლებასთან დაახლოებული იოსებ ტყემალაძეა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი