საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 9 მარტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ ქართული ოცნებით უკმაყოფილოა, კრემლი კი კმაყოფილი.
რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგი გამოხატულება და პროვოკაციულ ნაბიჯი- ასე აფასებს მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ნარიშკინის განცხადებას.
საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას.
მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, არსებული ისედაც ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით, ზოგადად რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.
ამჯერად რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან აქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება და ბოლო წლებში მართლაც უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და განუხრელ სვლას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ". - აცხადებს მახარობლიშვილი.
აშშ ღიზიანდება, რომ "ოცნება" ევროატლანტიკურ კურსს სრულად არ მიყვება - რუსეთის დაზვერვის უფროსი