"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი სოზარ სუბარი პროკურატურის მიერ ტვ პირველიდან აუდიოჩანაწერების ამოღების შესახებ კომენტარს აკეთებს, ტელევიზიაში ძალადობრივი შეჭრის გეგმას უარყოფს და ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ის თემა იყოს, რის შესახებაც წინასწარი ინფორმაცია არსებობდა და რასაც ოპოზიცია მოლაპარაკების ჩასაშლელად გამოიყენებს.
"მე წეღან ვთქვი, რომ ოპოზიცია ეცდება რაღაც თემა გამოაგოროს, რითაც ეცდებიან მოლაპარაკების ჩაშლას, იმედია, ეს სწორედ ის თემა არ არის და თქვენ ოპოზიციის წისქვილზე არ ასხამთ წყალს", - თქვა სოზარ სუბარმა ტვ პირველის ეთერში.
მან ტვ პირველს ურჩია, პროკურატურას ჩანაწერები იმ ფორმით მიაწოდოს, რა ფორმითაც მიიღეს:
"რა ფორმითაც მოგაწოდეს, იმ ფორმით მიაწოდეთ, თუ თქვენ არ იცით წყაროს ვინაობა, შესაბამისად, პროკურატურასაც ვერაფერს მიაწოდებთ", - განუცხადა სოზარ სუბარმა ტვ "პირველის" ჟურნალისტებს.
სოზარ სუბარმა, ტვ პირველში ძალადობრივი შეჭრის გეგმის არსებობა უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი მეთოდები წინა ხელისუფლებას ახასიათებდა:
"შეჭრა ვის ახასიათებდა, კარგად გვახსოვს და კარგად გვახსოვს ტელეიმედში შეჭრის კადრები, გვახსოვს გათიშული ეთერი და მე ვიყავი სახალხო დამცველი, როცა აღვადგენინე "კავკასიის" მაუწყებლობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.
მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას
ამავე თემაზე: