"მათი მიზანია როგორმე გავიდნენ წყაროზე" - ასე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.
სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.
ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.
ჩვენი, ჟურნალისტების, მოვალეობაა, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი. როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ დაკითხვის დროს წყაროს შესახებ ინფორმაცია, ასევე არ მივანიშნოთ, არანაირი ირიბი მინიშნება არ მივცეთ წყაროსთან დაკავშირებით ,-თქვა ნოდარ მელაძემ.
"TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ.