
"თუ აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ენა, ვურჩევდი გაეცნოს ნიკა გვარამიას Facebook-გვერდს", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი დიმიტრი სამხარაძის ფბ-პოსტს, სადაც მმართველი პარტიის დეპუტატი ოპონენტ გოგი წულაიას საჯაროდ აგინებდა და შეურაცხყოფდა.
ანალოგიურს ამბობს "ოცნების" კიდევ ერთი წევრი სოზარ სუბარი. ხელს ოპოზისიისკენ იშვერს და ამბობს, რომ ზიზღის ენა სწორედ მათგან მოდის: "მე ზოგადად ვემიჯნები ამას, არ მომწონს, მაგრამ ზოგჯერ არიან ადამიანები, ვისაც უჩნდება სურვილი, მსგავს აგრესიულ რიტორიკას უპასუხონ მსგავსივე რიტორიკით".
ცნობისთვის, "ოცნების" დეპუტატმა და პარტიის რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ, Facebook-ის პირად გვერდზე გოგი წულაიას აგინა და ფბ-მეგობრებსაც იგივე მოუწოდა.
სამხარაძის მოწოდებას აქტიურად ითვალისწინებდნენ მისი ფბ-მეგობრები, რომლებიც სოციალურ ქსელში წულაიას უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, ლანძღავდნენ და აგინებდნენ. მოგვიანებით, სამხარაძემ ეს პოსტი წაშალა.

დიმიტრი სამხარაძის გაღიზიანება, სავარაუდოდ, გოგი წულაიას ბოლოდროინდელმა რეაქციებმა გამოიწვია. წულაიამ დღეს ივანიშვილების ოჯახსა და ბერას მიმართა: "ბერა შე გაუბედურებულო ადამიანო, მეცოდები, აი ხელებით გაგინებ... მოდი და გამისწორდი"..