
"თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია" - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე, "ტვ პირველის" მიერ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს. კობახიძემ ტრადიციულად წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა და მათი "ხელწერა" უწოდა ძალადობას:
გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით - ეს არის პირველი, პრინციპული საკითხი და მეორე პრინციპული საკითხი არის ის, რომ რაზეც საუბრობდა ოპოზიცია თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები, იმ ადამიანების მხრიდან, იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, ეს არის "ნაცმოძრაობის" ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია, რაზეც არის ძალიან მკაფიო ინფორმაცია გასაგები ყველასთვის, - ამბობს ირაკლი კობახიძე
შეგახსენებთ, 6 მარტს ტვ პირველმა აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ აგზავნიდა ბერა ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც სოცქსელებში ბერას აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ.
პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით დაიწყო.