მელიას დაკავების ორი დღით გადადება უნდოდა.. ოფისში ნაკლები ადამიანი მივაო - კობახიძე გახარიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 17 თებერვალს, საღამოს შეცვალა. მისი თქმით, იმჟამინდელ პრემიერმინისტრს სურდა, რომ  მელიას დაკავება რამდენიმე დღით გადადებულიყო. კობახიძე ამბობს იმასაც, რომ "ოცნების" წევრებისთვის გახარიას ეს არგუმენტი მყარი არ აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. 

გვქონდა სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, იყო პრინციპული წინააღმდეგობა. 17 თებერვლის 17:00 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც გვქონდა გუნდის სხვა წევრებს. თუმცა, სამწუხაროდ, რატომღაც ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. უცბად შეიცვალა ეს პოზიცია. ..დაახლოებით 5 საათი იყო, როდესაც კომუნიკაცია შედგა, როდესაც პირველად წარმოიშვა ეს საკითხი. მანამდე ყველა იყო აბსოლუტურად ერთ აზრზე. დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე, რაც ჩვენთვის გაუგებარი იყო, არ იყო მყარი.. არგუმენტი იყო ის, რომ თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანის კონცენტრაცია ორი დღის შემდეგ. მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობთ იმაზე, რომ პირიქით - კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა, თქვენ თუ გახსოვთ 2 დღეში ოფისში ადამიანების კონცენტრაცია
პირიქით გაიზარდა, რამაც შედარებით, გაართულა ოპერაციის ჩატარება, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის თქმითვე, გახარიას გადადგომის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ მასთან 10 წუთით ადრე სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა. 

მეორე დილასაც, ვიდრე განცხადება გაკეთდებოდა, პირადად მე და პრემიერს - გახარიას, საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით, საკმაოდ მეგობრული ტონით გვქონდა. მაგრამ რაც შეეხება არგუმენტებს, აქ იყო წინააღმდეგობა. გვქონდა ჩვენი არგუმენტები, მე გავუზიარე მას კიდევ ერთხელ ეს არგუმენტები. მას ჰქონდა კვლავაც იგივე პოზიცია და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რაც მოხდა, მან გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით..... - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებიდან" გიორგი გახარიასთან გადადგომის შემდეგ კომუნიკაცია აღარავის აქვს: "ის აღარ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და აქედან გამომდინარე, ეს კომუნიკაცია აღარ არსებობ".

ცნობისთვის, ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2021 წლის 17 თებერვალს, 22:00 საათის შემდეგ შეუფარდა. 

გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. მან ბრიფინგზე ნიკა მელიაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებსა და საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. გახარიას გადადგომის შემდეგ, როგორც კი "ოცნების" მთავრობამ მის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დანიშნა, ხელისუფლებამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი შტურმით აიღო და ნიკა მელია დაიჭირა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი