TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე 15 და 16 მარტსაა დაბარებული. ჟურნალისტი 15 მარტს 11:00 საათზე სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზეა დაბარებული, 16 მარტს კი აუდიოჩანაწერების საქმეზე.
ცნობისთვის, 6 მარტს "ტვ პირველმა" აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ფიგურირებენ.
პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით 9 მარტს დაიწყო.
12 მარტს კი "ტვ პირველის" ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.ამავე დღეს, 12 მარტს კი შსს-მ ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, ჟურნალისტების: ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გამოძიება დაიწყო.