
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კრისტიან დანიელსონმა, დისკუსიების პირველი ეტაპი პოლიტიკური პროცესის ყველა მხარესთან დაასრულა. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან და მის გუნდთან ერთად, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დახმარებით, კრისტიან დანიელსონმა იმუშავა პოლიტიკური მხარეებისთვის მისაღები საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე შემდგომი კონსულტაციების გამართვის მიზნით. დღეს ბატონი დანიელსონის, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის თბილისში ვიზიტის მეორე დღეა. მან დაასრულა დისკუსიების პირველი ეტაპი პოლიტიკური პროცესის ყველა მხარესთან, - ნათქვამია განცხადებაში.
კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს დილიდან განაახლებს. 13 მარტს ის უკვე შეხვდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ხვალ, 14 მარტს გადაწყდება, წამოვა თუ არა მმართველი პარტია რაიმე სახის მოლაპარაკებაზე.
სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანი. მისი საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.