ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ოფიციალურ მედიატორს, კრისტიან დანიელსონს აგზავნის. ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცნობილი ხდება, რომ დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი კი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება. არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.
ცნობისთის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.