
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი პარტიის ოფისში ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების სავარაუდო ვერსიებზე წინასწარ მსჯელობდა. როგორც კობახიძე განმარტავს, პარტიაში მელიას მიმართ ორივე განაჩენზე საუბრობდა.
"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მმართველი პარტია, პოლიტიკური გუნდი და იცით, რომ 1 საათში იმართება სასამართლო პროცესი, სადაც უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკოსის პატიმრობასთან ან არაპატიმრობასთან დაკავშირებით. წინასწარ იმსჯელებთ თუ არა ამაზე?! პასუხი არის მარტივი - რა თქმა უნდა, წინასწარ იმსჯელებთ ამაზე.
დანარჩენი არის სპეკულაციები, არ შეიძლება, რომ ასეთი მარტივი საკითხებიდანაც ვიღაცამ გამოაცხოს სპეკულაციები",- თქვა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 13 მარტს თქვა, რომ გიორგი გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 17 თებერვალს, საღამოს შეცვალა. მისი თქმით, იმჟამინდელ პრემიერმინისტრს მელიას დაკავების რამდენიმე დღით გადადება სურდა. კობახიძე ამბობს იმასაც, რომ "ოცნების" წევრებისთვის გახარიას ეს არგუმენტი მყარი არ აღმოჩნდა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2021 წლის 17 თებერვალს, 22:00 საათის შემდეგ შეუფარდა.