საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით 8.50%-მდე ზრდის.
სებ-ის მონაცემებით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 % შეადგინა და არსებული პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4- 4.5 %-ის ფარგლებში იქნება:
თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.