თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მიწის დიდი მასა, შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას. განსაკუთრებით სახიფათო კი წვიმიანი ამინდებია. ადგილზე მარშალ გელოვანის გამზირისა და ლისის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა თბილისის მერიამ შარშან დაიწყო. ექსპერტების თქმით, გაფრთხილების მიუხედავად მეწყერული ზონის სიახლოვეს სამუშაოები არ შეჩერდა, ახლა კი სრული პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება.
როდის დაიწყება სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე ჯერ უცნობია, მეწყერული პროცესები კი ადგილზე აქტიურ ფაზაშია. მერიას ჯერ კონკრეტული გეგმა საკითხთან დაკავშირებით არ აქვს. გენ.გეგმის ერთ-ერთი ავტორი, მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ ის საფრთხეები და რისკები, რაც ნუცუბიძე-ვაშლიჯვარი-ლისის მონაკვეთაზეა, ახალი არაა. მისი განცხადებით, მერიას ჯერ ეს ყველაფერი უნდა შეესწავლა და ადგილზე სამშენებლო სამუშაოები შემდეგ დაეწო.
"რისი შედეგია მე, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, ამას სჭირდება კვლევა და ეს უნდა ვკითხოთ მერიას, რომელმაც გადასარევად იცოდა ამ ბზარების არსებობა და უტიფრად გვიმალავდა. უბრალოდ წარმატებული შემთხვევითობაა, რომ არავინ არ მოვყევით და არ ჩამოვიდა მეწყერი ამდენი ხანი. დოკუმენტებში ვპოულობთ, რომ გზის გამყვანმა "სილქროუდმაც" იცოდა ამ ბზარების არსებობა. ამაზე კახა კალაძეს უნდა მეოკითხოს უდიდესი სიმკაცრით პასუხისგება, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ბიუჯეტი დახარჯა, კიდევ ბევრი ბიუჯეტის ხარჯვაა საჭირო, რომ ეს გაფუჭებული აღადგინოს", - თქვა პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ.
პირველადი დათვალირებით, ვაშლიჯვრის ფერდებზე გაჩენილი ნაპრალების სიგანე, კონკრეტულ მონაკვეთებში 3-მეტრს, ხოლო სიღრმე 10 მეტრსაც კი აღწევს. ჯერ უცნობია რა ბედი ეწევა დამეწყრილ ზონას.