
ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ თბილისის მერიამ თავად გაავრცელა ინფორმაცია- ამბობს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ამტკიცებს, რომ მერიამ ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში მონიტორინგი დაიწყო. ბენდელიანის თქმით, პირველი ბზარები დაახლოებით 2 კვირის წინ გაჩნდა:
„როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ, იყო გაცილებით პატარა მასშტაბის. შესაბამისად, რეკომენდაციები იყო, რომ იმ მომენტისთვის, იმ დღისთვის არ იყო მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი. თუმცა, როდესაც მეწყერმა იმ ეტაპს მიაღწია, რომ უკვე შეიძლებოდა გადაადგილებისთვის და მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, იმავე დღესვე გავრცელდა განცხადებაც და ქუჩაც ჩაიკეტა“, - ამბობს მერის მოადგილე, რომელიც დღეს ადგილზე გაეცნო რა ვითარებაა მეწყერსაშიშ ზონაში.
ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე რომ მეწყერი დაიძრა, ფოტოები და ინფორმაცია ამის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.