ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე უკვე საკუთარ სახლში გადაასვენეს. ახალგაზრდა ქალის ოჯახს კითხვები ადგილობრივ ექიმებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქვს. საქმის გამოძიებაში მათ მიერ დაქირავებული იურისტი უკვე ჩაერთო.
ოჯახი ეჭვობს, რომ მეგი ბაქრაძე ახალციხის კლინიკაშივე გარდაიცვალა, ისინი ამბობენ, რომ აცრამდე ექთანს კანზე გამონაყარი ჰქონდა, ამ მდგომარეობაში კი აცრა არ უნდა გაკეთებულიყო.
"ჩვენ იმას ვფიქრობთ, რომ აქედან ეს მიცვალებული წაიღეს, რატომ გამიჩნდა ეს ეჭვი და არ შეიძლება შვილი ანახო?! მკვადარია თუ ცოცხალია?! რატომ არ გვაჩვენეს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, აქ არ მოხდა არცერთნაირი დახმარება, დაბნეულები იყვნენ, ზეწარგადაფარებული ნახა თავისმა მეუღლემ, უპატრონოდ, ახალციხის საავადმყოფოში", - თქვა მამამ, ვეფხია ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ექთანი თავს კარგად ვერ გრძნობდა და მზად არ იყო აცრისთვის. რაც შეეხება ახალციხის კლინია "იმედს", საავადმყოფოში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ექთანი ადგილზე გარდაცვლილი იყო.
"ვაქცინაციის შემდეგ მეგი მოთავსდა დაყოვნების ოთახში, რა თქმა უნდა, იჯდა სავარძელზე, დაახლოებით, 20-25 წუთის შემდეგ მან იგრძნო კანის წვა, ქავილი გულმკერდისა და ყელის მიდამოში, შეფასებულ იქნა ეს ალერგიულ რეაქციად, პირველი რაც გაკეთდა კუნთში - ადრენალინი", - თქვა კლინიკურმა დირექტორმა, მზია კაკოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.