გარდაცვლილი ექთნის - მეგი ბაქრაძის ბიძა, ტარიელ ბაქრაძე, "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი", დაღუპულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და იხსენებს როგორ განვითარდა მოვლენები.
როგორც ტარიელ ბაქრაძე ამბობს, აცრის გაკეთებამდე მეგი ბაქრაძეს ტესტი გაუკეთდა, რომელმაც აჩვენა, რომ ექთანს სისხლში თრომბოციტების რაოდენობა ჰქონდა მომატებული. კლინიკა "იმედის" მედიკოსებმა მას, გარკვეული მედიკამენტი მისცეს, რომლის შემდეგ ექთანს თავის ტკივილი განუვითარდა, ექიმები ოჯახს წამლის დასახელებას არ ეუბნებიან.
"ჯანმრთელობით, არაფერი არ აწუხებდა. ეს წამალი რაც მისცეს, როგორც მეუღლე ლაპარაკობს წინა დღეს რაღაც ტესტი ჩაუტარებიათ, თრომბოციტები ჰქონდა მაღალი. ორი აბი მიუციათ. ერთი დღეს საღამოს დალიეთ მეორე ხვალ დილითო. ეს წამალი, რომ დალია, სახლში დაბრუნების შემდეგ თავის ტკივილები ჰქონია, თავის დებისთვის უთქვამს, ნეტა რა წამალი მომცეს ასეთი, თავის ტკივილები რომ მაქვსო. არ ვიცით მეორე აბი დალია თუ არა. ექიმები არ ამბობენ, რა წამალი მისცეს", - თქვა ტარიელ ბაქრაძემ.
როგორც გარდაცვლილი ექთნის ბიძა ამბობს, ზუსტად არ იციან ამ წამალზე დანიშნულია თუ არა ექსპერტიზა, მისი თქმით დეტალებს ოჯახის ადვოკატები გაარკვევენ.
ბიძა, ასევე, ამბობს, რომ ოჯახს საავადმყოფოდან მდგომარეობა გვიან - 1 საათის, საათ-ნახევრის შემდეგ შეატყობინეს, რაცა მეგი ბაქრაძე უკვე მძიმედ იყო.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.
იხილეთ ასევე: