ვაშლიჯვრის ფერდობის მეორე ნაწილში კიდევ დამატებით 2 ბზარია აღმოჩენილი, რომელთა მასშტაბებიც შედარებით მცირეა. ექსპერტები ამბობენ, რომ ტერიტორიის შესწავლა რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს და ადგილზე ნებისმიერი მძიმე ტექნიკის მუშაობა უნდა შეჩერდეს.
"ეს არის ძველი ბზარებიც და ახალი დეფორმაციაც, ანუ დაბზარვაა დაწყებული. რასაც ვლაპარაკობდით ყოველთვის, რომ ეს ფერდი არის თვითონ პრობლემატური, სადაც, დეფორმაციის სიდიდე საშუალოდ არის 10-14 მილიმეტრი. ასეთი დოზებით მაღალსართულიანი მშენებლობა, ასეთი დოზებით მიწის გამოღება, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს კვლევები", - თქვა დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.
ექსპერტები ამბობენ, რომ მეწყერული პროცესების განვითარებას და მის გადაადგილებას ხელს წვიმიანი ამინდიც უწყობს. მერიამ დღეს, 20 მარტს გაავრცელა, რომ სეისმოლოგების მიერ დღეს "აღმოჩენილი" ბზარები ახალი არაა და ეს მოსახლეობისთვის საფრთხისშემცველი არაა.
"რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წლებია არსებობენ, არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე მოსახლეობის მიმართებაში არ არსებობს", - თქვა გეოლოგმა, მერაბ გაფრინდაშვილმა.
წინასწარი შეფასებით, ნახევარი კუბური მეტრი მიწის ფართობი ვაშლიჯვრის ფერდობს უკვე მოწყვეტილია, ადგილზე ნაპრალების რაოდენობა ყოველ დღე იმატებს.