
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლში "ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი, 1968 წელს დაბადებული ხ.პ. წარსულში ნასამართლევია, მასთან ერთად დაკავებულია 1972 წელს დაბადებულ ე.ა.
"დადგინდა, რომ ხ.პ. და ე.ა. "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ბრალდებული ხ.პ. სხვადასხვა პირის დაშინების გზით ცდილობდა პირადი და "ქურდული სამყაროსათვის" მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი საზღვარგარეთ მცხოვრები ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, თავისი ნდობით აღჭურვილი პირის, მეორე ბრალდებულის - ე.ა.-ს შუამავლობით, სისტემატურად უკავშირდებოდა თანასოფლელს და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ქურდული სამყაროს სასარგებლოდ თანხას სძალავდა", - წერია უწყების განცხადებაში.
პოლიციამ ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.
"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით და 181-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.